რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეების მიერ გამართულ აქციას, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ქართულმა ოცნებამ” ამ საღამოს დიდი სარკე დაამონტაჟა რუსთავის ციხის წინ და შიგ ჩაიხედა. ასე კარგად მათ სახეს სხვა ვერაფერი გვაჩვენებდა. მაინც, ვინ დასცინა ამ იდიოტებს ასე მწარედ, ეს მართლა ბრეიგელის პერსონაჟები ვინ მოუყარა ქუთაისიდან” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქუთაისიდან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციისთვის ჩავიდნენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ მიხეილ სააკაშვილს და გააგებინონ, რომ არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხით დასრულდება. მათივე თქმით, ისინი ქუთაისიდან საკუთარი ინიციატივით ჩამოვიდნენ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს.