საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში მიმდინარე აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედის, მარიზი კობახიძის მიერ „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუს ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც პატიმრის დედა ექსპრეზიდენტს ეხება.
მარიზი კობახიძე აღნიშნავს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, მაშინ არც მისი შვილი, თორნიკე გოშაძეა, პოლიტ. პატიმარი, რადგან ის პოლიტიკაში არასდროს ყოფილა.
„თორნიკე გოშაძის დედას, ქალბატონი მარიზი კობახიძეს
დიდი მადლობა უკეთილშობილესო ქალბატონო მარიზი, ჩემდამი გამოხატული სოლიდარობისთვის. ღრმად მწამს რომ ურთიერთემპათიის გარეშე არაფერი გამოგვივა.
პირველ რიგში გისურვებთ თქვენი საამაყო შვილის უსწრაფესად გათავისუფლებას. ისევე როგორც მთელი გულით ვისურვებდი ყველა სხვა უსამართლოდ დატყვევებული პატრიოტი პატიმრის გათავისუფლებას.
რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ “პოლიტიკოსებს” მათ აწუხებთ ჩემი კომპლექსი, თან არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ისინი ივანიშვილის დანაშაულებრივი სისტემის განუყოფელი ნაწილი იყვნენ და ბევრს მიაჩნია, რომ დღესაც რჩებიან.
მთავარი – ისინი სამწუხაროდ დაცლილი არიან ადამიანური ემპათიისგან. პრობლემა კი იმაშია, რომ იმდენად არ აღელვებთ თუ სად იქნება საქართველო, არამედ ის თუ რა თანამდებობები ექნებათ მათ.
საბედნიეროდ არის ძალიან ბევრი იდეალისტი, ისეთი როგორც თორნიკე, რომლებიც ყველაზე მაღლა თავისი ქვეყნის ბედს აყენებს და უარს უცხადებს დიქტატურის ნარატივის გამეორებას“, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 9 მაისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე დემონსტრაციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათით მივიდა, რასაც აქციის სხვა მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა. უკმაყოფილება დაპირისპირებაში გადაიზარდა და მოქალაქეს, რომელსაც სააკაშვილის სურათი ეჭირა, თავს დაესხნენ.