3 დღის წინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მდინარეში მანქანა გადავარდა.
ავტომობილის 4 მგზავრიდან მაშველებმა ერთი იმავე დღეს ამოიყვანეს, ორის ცხედარი გუშინ იპოვეს, კიდევ ერთ მგზავრს, გიორგი შამუგიას, კი ამ დრომდე ეძებენ.
უტა ელიავასა და დავით ოსეტროვის ცხედრები წყალში გუშინ იპოვეს, გიორგი შამუგიას ძებნის სამუშაოები გრძელდება, გადარჩენილი კი გიორგი თოლორაიაა.
„მინის ჩამსხვრევა მხოლოდ ერთმა მოახერხა, მაგრამ მეგობრებს არ ტოვებდა, რომლებიც სალონში ჩაჭედილები იყვნენ, ხმამაღლა ყვიროდა და მაშველს უხმობდა. ბოლო მომენტში, როცა სალონი წყლით ივსებოდა, ორმა ჩარჩენილმა მეგობარმა უტამ და გიორგიმ ძალით გააგდო სალონიდან სიტყვებით: „ჩვენ თუ ვერა, შენ მაინც გადარჩი!“ და მას წყლის ზედაპირისკენ უბიძგეს“, – წერს ავარიის დროს დაღუპული ბიჭების ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.
როგორც ირკვევა, ბიჭები ბავშვობის მეგობრები იყვნენ და თბილისში სწავლობდნენ.
შეგახსენებთ, ავტომანქანის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, ავტომანქანა წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. პოლიციამ უკვე დააკავა 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.
