გუშინ ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად, ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში ოთხი ადამიანი ისხდა, აქედან ერთის ამოყვანა მაშველებმა გუშინ მოახერხეს.
დღეს დილით მაშველებმა იპოვეს მანქანა. დადასტურდა, რომ ავტომობილში იყო ორი მგზავრის ცხედარიც.
ცნობილია მათი ვინაობა – უტა ელიავა და გიორგი შამუგია.
კიდევ ერთი დაკარგული მგზავრის საპოვნელად სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, მანქანის მტკვარში ჩავარდნის დროს, სალონიდან გადმოხტომა ორმა ადამიანმა შეძლო – ერთი მათგანი მაშველებმა ავარიიდან მალევე იპოვეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტომანქანის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება მოხდა. აქედან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში, კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.
გამოძიების ინფორმაციით, ავტომანქანა წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. პოლიციამ უკვე დააკავა 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.