საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ერთობლივ ღია წერილს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა:
“არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, მე ერთი მინდა ვუთხრა, ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. ეს გაითვალისწინოს ყველამ. მე მინდა ასევე შევახსენო, თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობა აქვთ სააკაშვილთან, პირადი მეგობრობა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუქსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე – ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე. სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო მთელს ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს, ეს ადამიანი, მაშინ მთელი ეს პერიოდი როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა, უბედურება, წამება ციხეებში , ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის. რა კომენტარს მთხოვთ, ვერ გავიგე. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის აღნიშნულ განცხადებას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ამ შემთხვევაში პრემიერად წოდებული ეს ბატონი სრულიად სწორია. ფოტიგამ, კუბილიუსმა, მიშელმა და ყველა ე. წ. უცხოელმა მეგობარმა ეს დაიმსახურეს მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით შეათრიეს პარლამენტში და ამით გადაარჩინეს ოლიგარქის დასამხობად განწირული რეჟიმი. როგორც ჩანს, მათ კუს და მორიელის იგავი არ წაუკითხავთ“, – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.