„კოალიცია ცვლილებისთვის“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურას, სასამართლოს, პოლიცია და და საჯარო მოხელეებს მიმართა.
„მინდა, მივულოცო საქართველოს დემოკრატიას და ყველა ქართველს, ვინც დემოკრატიას და საქართველოს განვითარებას, წარმატებას, ევროპულ მომავალს, დასავლეთის ცივილიზაციის ერთ-ერთ ნაწილობას, ასე ვთქვათ, უჭერს მხარს. ამერიკის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ორპარტიული, შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომ MEGOBARI აქტი იყოს მიღებული.
მე დავიწყებ მიმართვას ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლოსადმი, პროკურატურისა და პოლიციისადმი: მეგობრებო, შეჩერდით! ჯერ კიდევ გაქვთ დრო გადარჩენისთვის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი შვილები იყვნენ მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. იქნება ეს სწავლისთვის, მოგზაურობისთვის, ბიზნესისთვის თუ ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის.
საქართველოს გზა არის დემოკრატია. ეს აღიარებული აქვს ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოს და უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს. დარჩა ორი ნაბიჯი, რომელიც, როგორც წესი ყოველთვის იდგმება ამ ტიპის გადაწყვეტილებების შემდეგ. ეს არის დიდი ორპარტიული მხარდაჭერა, უდიდესი უმრავლესობით, შესაბამისად, საქართველო შეფასებულია, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს მიაქვს. მაგრამ, ქართველი ხალხი შეფასებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი. ამიტომ ჰქვია ამ აქტს – მეგობარი ხალხი.
მივმართავ ყველას, მათ შორის, საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს: შეჩერდით! ემსახურეთ ქართველ ხალხს, თქვენც იყავით ქართველი ხალხის მეგობრები, მოკავშირეები. შეინარჩუნეთ ის გზა, რომელიც არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, გზა მიმავალი დასავლეთისკენ. ამაზე მოგვიწოდებს ყველა და ქართველი ხალხი არ დამარცხდება ამ ბრძოლაში, თქვენ, შეიძლება დამარცხდეთ პირადად, თითოეული თქვენგანი. ნუ მიიღებთ ამაში მონაწილეობას, მიიღეთ მონაწილეობა, ქვეყნის დასავლური მომავლის მშენებლობაში“, – განაცხადა გვარამიამ.