საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
აღნიშნულს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, მათ შორის, ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.
„ვულოცავ ყველას. პირველ რიგში, მინდა მივმართო პოლიტპატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს, ყველა რეპრესირებულ, დაჯარიმებულ ადამიანს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც გამოაგდეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უპრეცედენტოდ, მთელი მსოფლიოს დასანახად და ჩვენი დიდი მეგობრის, ამერიკელების აღფრთოვანებით ამდენი დღის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობის, თუ ფიზიკური უსაფრთხოების ხარჯზე დგანან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად. ჩვენ გვქონია დღეები, როდესაც კითხვის ნიშანი გვქონია, რატომ გავდივართ, რამდენი ხანი უნდა ვიაროთ – დღეს არის პასუხი ამ ყველაფერზე! ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო, ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და თავისუფალი მეგობარი, რომელმაც შექმნა არა უბრალოდ ინდივიდუალური სანქცია, არამედ სახელმწიფოებრივი, ორპარტიული სისტემური ინსტიტუციური ჩარჩო, რომ ყოველ ჯერზე იდგეს ქართველი ხალხის გვერდზე. აქ, იგულისხმება ის, რომ რუსეთის, ირანის და ჩინეთის გავლენები იქნება დეტალურად შესწავლილი, ანუ ყველა ის გარე ძალა, რომელიც ქართველი ხალხის, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ეცდება, რომ საქართველო შემოაბრუნოს ევროპიდან და წაიყვანოს ამ იზოლირებულ ქვეყნებში. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვიქნებით, ამერიკა ამას შეისწავლის და მოახდენს მათ სანქცირებას. ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას, იქნება შესწავლილი და სანქცირებული, მოყოლებული 2014 წლიდან. დასანქცირდებიან კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. ეს არის დიდი ნაბიჯი ამ რეჟიმის დასრულებისთვის და ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ ამერიკასთან ჩვენ გაგვეხსნება აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები, უკვე ძალიან პოზიტიური და ღრმა ურთიერთობების გასამყარებლად“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.