„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
ბესელიამ ამაღლობელის დაკავების დღე გაიხსენა.
„ვარ ერთ მეტრში, ან ორ მეტრში მაქსიმუმ, ძაან ახლოს ვართ იმიტომ, რომ უკვე მივუახლოვდი ქალბატონ მზიას და დგებუაძეს საუბარს, საუბარიც მესმის და ჩვეულებრივად აღვიქვამ ყველაფერს. აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო იმიტომ, რომ არ ვართ მიჩვეულები პოლიციელები ქალებისგან, თან მითუმეტეს აჭარაში, ქალებისგან ასეთ აგრესიას, დამოკიდებულებას…
საუბარი რაც არის, კითხვა-პასუხი, კითხვა-პასუხი, მერე დგებუაძე ბრუნდება, ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება. ეგ იყო და ეგ…“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.