ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია ეს ტრაგედია. 2008 წლის აგვისტოში ჯალათებმა სასტიკად მოკლეს ჩემი მეუღლე, რომელიც ჯერ დახვრიტეს, მერე ბეტონის ნამსხვრევები მოაბეს და ზღვაში გადააგდეს თევზების საჯიჯგნად, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოკლული პაატა ქარდავას მეუღლემ, ელისო სართანიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტროში, დაზვერვის დეპარტამენტის კაპიტანი იყო.
ელისო სართანია ითხოვს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების გამო, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.
„მინდა შევახსენო მათ, ვისაც არ ახსოვს, რომ ჯალათებმა სასტიკად მომიკლეს მეუღლე და გადააგდეს ზღვაში ისე, რომ დღეს ოჯახს მისი სასაფლაოც არ გვაქვს. იმ დროს ბევრჯერ შევხვდით პრეზიდენტს, რომელსაც დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ არავითარი დახმარება და გვერდით დგომა ჩვენ არ მიგვიღია, პირობა პირობად რჩებოდა, ამ დაპირებებში გადიოდა დრო… ჩემი საწყალი დედამთილი, რომელიც შვილზე დარდს გადაჰყვა, პირადად შეხვდა სააკაშვილს და შვილდაკარგულმა სთხოვა, შვილი მაპოვნინეთო, ის დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა, მაგრამ არანაირი შედეგი, დახმარება არ მოჰყვა მის დაპირებას.
ჩემი მეუღლის საქმის გამოძიება დაიწყო, როდესაც მთავრობა შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ჩემთვის ძალიან ძნელია, ჩემი ქმრის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ახლა სააკაშვილი დგას და ჩემი ქმრის მკვლელს, რომან შამათავას გმირს უწოდებს, ეს ჩემი მიცვალებულის შეურაცხყოფაა და ამას არავის ვაპატიებთ. ციხეში ჯდომა უჭირთ და ჩვენ, ჩვენი მიცვალებულების სასაფლაოებიც კი არ გვაქვს. ეს არის სამართალი?! საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს დააკაშვილს და ამბობს, რომ შიმშილობს და ჩვენ სასაფლაოც რომ არ გვაქვს, აი, იმ ხალხს რომ ამოდგომდნენ იმ ხალხს მაშინ, ჩვენი მდგომარეობა ასეთი არ იქნებოდა… არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, ვინც დააშავებს, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, აი, ეს იქნება ჩემი ერთადერთი მოთხოვნა ვინც პაატა ქარადავას ჯალათურ მკვლელობაში მონაწილეობდა, ყველამ პასუხი უნდა აგოს სამართლის წინაშე“, – განაცხადა ელისო სართანიამ “იმედის” ეთერში სატელეფონო ჩართვისას.
https://mix.metronome.ge/22393-2/