ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობაინიკოვა ავრცელებს.
„ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. დიდი მხატვარი. დიდი ადამიანი. დიდი მოქალაქე. დიდი მეცენატი. ის 92 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და რუსეთის სამხატვრო აკადემიას“, – წერს კორობაინიკოვა „ტელეგრამ“ არხზე.
ზურაბ წერეთელი თბილისში, 1934 წლის 4 იანვარს დაიბადა. 1958 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სპეციალობით „მხატვარ-მონუმენტალისტი“
მისი ნამუშევრები მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოში. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, „თავისუფლების მონუმენტი“ – წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც 2006 წლის 23 ნოემბერს აღმართეს თავისუფლების მოედანზე.
1997 წლიდან ხელმძღვანელობს რუსეთის სამხატვრო აკადემიას.