აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თავისუფალია. ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს:
“დღეს, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
➡ Ხვალ, 17 აპრილს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის პოზიციას, მოთხოვნებსა და მოწოდებებს წარვადგენთ.
◾ საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.
◾ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვდა, რომ აფგან სადიგოვის მიმართ საერთოდ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
◾ თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა. აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს – პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვას.
მოხარულები ვართ, რომ დევნილი ჟურნალისტი თავისუფალია. კვლავ ვუცხადებთ სოლიდარობას მას და მის ოჯახს”, – წერს ორგანიზაცია