საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს. თავმჯდომარის პოსტს მანამდე მერაბ ტურავა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილება 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა.
რა ქონებას ფლობს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. ინფორმაცია მოძიებულია თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ექსპორტირებულ მონაცემებში, რომელიც IDFI-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
რევაზ ნადარაია 1979 წელს მარტვილში დაიბადა. 2024 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე – ნანა ციკოლია და 2 შვილი.
რაც შეეხება უძრავ ქონებას
რევაზ ნადარაია 100%-იანი წილის მფლობელია სოფელ დიღომში ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე 546 კვ.მ მიწის, რომელზეც განთავსებულია 338 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობა. აღნიშნული უძრავი ქონება 2014 წელს 32 700 აშშ დოლარად შეიძინა. სახლის აშენების ხარჯად კი 100 000 აშშ დოლარია მითითებული.
ნადარაიას ეკუთვნის მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ დიდჭყონში 4020 კვ.მ მიწის და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის 33%. აღნიშნული უძრავი ქონება ოჯახის საკუთრებაა 1970-იანი წლებიდან. მის საკუთრებაშია ასევე სოფელ დიდჭყონში 2480 კვ.მ მიწის 33%. დიდჭყონში არსებულ უძრავ ქონებას ის შორენა ნადარაიასთან ინაწილებს.
ნადარაიას მფლობელობაშია თბილისში თევდორე მღვდლის, ჩიხი I, N 7-ში მდებარე 509 კვ.მ ფართობის 16.7%, რომელიც 2004წელს 21 000 ლარად შეიძინა. კონკრეტულად კი 82.06 კვ.მ ბინა. 61.74 კვ.მ სხვენი და 6.79 კვ.მ სათავსო. ასევე ნადარაია თევდორე მღვდლის, ჩიხი I, N 6–ში ფლობს 7.05 კვ.მ ფართობის სარდაფს.
რევაზ ნადარაიას მეუღლე ნანა ციკოლია ფლობს მერსედესის მარკის ავტომობილს (AMG GLC 43), რომელიც 2023 წელს 28 500 აშშ დოლარად იქნა შეძენილი.
დეკლარაციის შევსებისას რევაზ ნადარაიას საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 97 ლარი. საკრედიტო ანგარიშზე 3890 ლარი. დეპოზიტზე კი 1125 ლარი. მის მეუღლეს ნანა ციკოლიას კი ლიბერთი ბანკის დეპოზიტზე 400 ლარი, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი 1213 ლარი.
ანაზღაურებაში მოცემულია 2023 წლის მონაცემები, რომლის თანახმადაც რევაზ ნადარაიამ 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მიიღო 130 798 ლარი. ნანა ციკოლიამ კი როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელმა სტიპენდიის სახით 4000 ლარი.
გასავალი/შემოსავლის მიხედვით, სესხში რევაზ ნადარაიამ 9392 აშშ დოლარი გადაიხადა.ნანა ციკოლიამ კი ტოიოტას მარკის ავტომობილის გაყიდვით 15000 აშშ დოლარი მიიღო შემოსავლის სახით, გასავალი კი 28 500 აშშ დოლარი ჰქონდა, როდესაც მერსედესის მარკის ავტომობილი იყიდა.
რევაზ ნადარაიამ ფულადი თანხა 3000 ლარი მიიღო საჩუქრად მამისგან, ნანა ციკოლიამ კი 2000 ლარი დედისგან.
ოჯახმა დაახლოებით 14 000 ლარი დახარჯა შვილების განათლებაში.