„ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა „TV იმედთან“ ინტერვიუში 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ, არ შეიძლება, ამ ადამიანებს სტკიოდეთ 9 აპრილი.
სახედაკარგული და სინდისდაკარგული ადამიანები, მათ შორის რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში.
მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ, არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომლებმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს, სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ამ უმსგავსობას სჩადიან, თავიანთი ბოროტებით და მავნებლური მიზნებით ფეხქვეშ ლახავენ ამ ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის საზოგადოებას“, – თქვა წილოსანმა.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა გუშინდელი ღამე რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, გაათენეს. დემონსტრანტებმა დილით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს, ასევე აფხაზეთის მთავრობის მინისტრს, დავით ფაცაციასა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.