სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“გუშინ გაკვეთილების შემდეგ დადამ დამირეკა გახარებულმა, ძალიან მაგარი იყო ყველაფერი და ბავშვებს მაკდონალდსში გვინდა წასვლა, რომ პირველი დღე აღვნიშნოთო. ჰქონდათ დიდი ჟრიამული. ცხადია, დავრთე ნება, ძალიან მიხარია უკვე ასეთი დამოუკიდებლები და ყოჩაღები რომ არიან.
მერე ერთ-ერთი ძმაკაცი სტუმრად გამოყვა და ჩვენთან დარჩა. თავისით გაიკეთეს საჭმელი, სანამ მე ვმუშაობდი, იმეცადინეს და საღამოს დღის მიმოხილვა რომ დავიწყეთ, ისეთი რამე მითხრეს, ჭკუიდან შევიშალე! თურმე დადას მეგობარს ჩასარიცხ აპარატთან რაღაც საქმე ჰქონდა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეუვლიათ. დაცვის თანამშრომელი დადას მიადგა, გოგო ხარ თუ ბიჭიო, თუ ბიჭი ხარ, საყურე რატომ გიკეთია, ვინ გაგიკეთაო. დადაც პასუხობდა თურმე ყველა კითხვას აუღელვებლად, მაგრამ რაღაც მომენტში შემეშინდაო, ისე იქცეოდა, მეგონა გვცემდაო (ხო, არ მოგეჩვენათ!). უზრდელები ეძახა თურმე ამათ ყველას, რადგან დადას მეგობრები ძალიან ყოჩაღად შეეკამათნენ, გოგოს ეკეთება საყურე თუ ბიჭს, რა მნიშვნელობა აქვს და საერთოდ თქვენ რატომ ერევით მაგაშიო. თან ხო სასწაულად მეამაყებიან ეს ბავშვები, რომ ვერც კი ხვდებიან ამ სიგიჟეების არსს, ბუნებრივად უჩნდებათ პროტესტი და თავს და ერთმანეთს იცავენ, მაგრამ თან თავისუფალ ადამიანად რომ ვზრდი ბავშვს, ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან საშიშ რამეს ვაკეთებ მისთვის და რაც უფრო დამოუკიდებელი ხდება, მით უფრო ვდგები საფრთხეების წინაშე.
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia ვაჟას ძეგლთან ექსპრეს ფილიალში გუშინ ვინც მორიგეობდა, ის ან დაკარგავს სამსახურს, ან ჩემით ვიპოვი და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! (ოღონდ დოკუმენტი მჭირდება, რო ნამდვილად მოახდინეთ რეაგირება!). თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენც აუცილებლად გიჩივლებთ, რადგან სწორედ თქვენს სივრცეში იგრძნო საფრთხე სამმა 11 წლის ბიჭმა და რომ მოვიგებ, ეჭვი არ შეგეპაროთ!,” – დაწერა სუბელიანმა სოციალურ ქსელში.
აღნიშნულს საქართველოს ბანკი გამოეხმაურა და პოსტი კომენტარებში დაწერა:
“ანა, ძალიან ვწუხვართ, უკვე ვამოწმებთ აღნიშნულ შემთხვევას და აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას”
სუბელიანმა მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ შესაბამის რეაგირებას ელოდება.