„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, „BBC-ი BBC-ია და ამ სტანდარტს არც BBC იცავს! – [მაუწყებლების მიმართ] ბალანსის დაცვის მოთხოვნა არასწორია! შეუძლებელია ყველა აზრი, ყველა პოზიცია ნეტ-ნაკლებად სწორად გამოხატოს! შევდივართ ზედმეტ რეგულირებაში, რომელიც სახელმწიფოს საქმე არც არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია! რაღაც ქიმერებს ვეკიდებით, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება არა თუ ძნელად შესასრულებელი, შეუსრულებელი იყოს!“
„ის, რომ წარმოდგენილი ნომრები თვითრეგულირებიდან გადმოდის, არ შეიძლება გამართლება იყოს! ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის სწორი და რა – არასწორი!
როდესაც მიუკერძოებლობას ვამბობთ, მიუკერძოებლობა კარგია, მაგრამ მიუკერძოებელი მედია მსოფლიოში არ არსებობს. ტყუილი არ უნდა თქვა და ადამიანს ცილი არ უნდა დასწამო – ეს არის მთავარი! ნებისმიერი მედია მიკერძოებულია. მას მფლობელი ჰყავს და თავისი პოზიცია აქვს. სხვა არის, რომ სხვა სტანდარტი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსთხოვო. ზოგჯერ მიუკერძოებლობა ნონსენსია!
ზოგჯერ ბალანსის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, გუშინ ლანდსბერგისთან შეხვედრაზე რამდენიმე ტელევიზია – “იმედი“ და “პოსტ ტვ“ არ შეუშვეს – როგორ უნდა დაიცვან ბალანსი?! ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. არ არის სწორი, რომ ეს დავავალდებულოთ!
საავტორო გადაცემა იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს თავისი პოზიცია, გამოხატავს ამ პოზიციას და მის მიერ გამოხატული აზრის დამკვიდრებას ცდილობს. შეუძლებელია მას საავტორო პროგრამაში ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრების წარმოდგენა დავავალდებულოთ.
იგივე ეხება პუნქტს, რომლის მიხედვით, თუ ტელევიზიაში ყველა ჯგუფი წარმოდგენილი არ არის, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს. მაგალითად, ადამიანი მისულია იმისთვის, რომ პირობითად ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკრიტიკოს ან პირიქთ, ჩვენ ვართ მისული, რომ სხვა გავაკრიტიკოთ. ამის აკრძალვა და ამის კანონის დონეზე რეგულირება შეუძლებელი და არასწორი მგონია.
BBC-ი BBC-ია! არც BBC იცავს ამ სტანდარტს, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რამდენი არასწორი ინფორმაცია გასულა, მაგრამ ერთია ინფორმაცია და მეორეა, დაიცვა ბალანსი! – მსოფლიოში ასეთი ტელევიზია არ არსებობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა.
კანონპროექტის თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.
ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
გარდა ამისა, დაუშვებელი იქნება ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე.