გუშინ დაყადაღებული ფონდი Prosperity Georgia სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„დღეს ფონდს ჩაბარდა განჩინება, სადაც ბუნდოვნად აღწერილია მისი ანგარიშების დაყადაღების მოტივი, აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე.
იურისტებთან ერთად განვიხილეთ განჩინება და მათთან კონსულტაციის საფუძველზე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს.
მოცემული გადაწყვეტილებით ადამიანების თანადგომა ცხადდება დანაშაულად; არადა ფონდის მიზანი სწორედ დაზარალებული ხალხის დახმარებაა.
ფონდი მუშაობს წესდებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და ჩვენი საქმიანობა შემოიფარგლება საჯაროდ გაცხადებული ჰუმანიტარული ქმედებებით.
საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხიმსგებლობიდან გამომდინარე, ფონდი საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ. მისი საქმიანობა არის საჯარო და კანონთან შესაბამისი. რეგულარულად ქვეყნდება მისი ყველა აქტივობა და ფინანსური ანგარიში.
ამ აბსურდული პროცესის განვითარების შესახებ ინფორმაციას შესაბამისად გაცნობებთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებას გაეცანით ბმულზე.