თბილისის მერი, კახა კალაძე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.
საკითხი თანამდებობის პირების მიერ ნარკოტესტის ჩაბარებას ეხება.
„ნებისმიერ დროს, თუმცა საბა ბუაძესთან დაკავშირებით, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვიზიარებ ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებას და დამოკიდებულებას საბა ბუაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“.
„ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, – განაცხადა ბუაძემ.
რაც შეეხება გახარიას, 2021 წელს, პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებამდე „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა. გახარია ტესტის ჩასაბარებლად ავსტრიაში წავიდა.