სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის სოფო დარსალიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფო ორი შვილის დედა იყო. ის მესამე შვილზე იყო ორსულად. იმ საბედისწერო დღეს სოფო სენაკში მანქანის საჭესთან იჯდა და სახლში, ძველ სენაკში მიდიოდა, შხეფის გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. როგორც ირკვევა, დაშავებული ქალი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა ახალგაზრდა ორსული გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
გაუსაძლისია ის ტკივილი, რასაც მომხდარით შეძრული ახლობლები განიცდიან. გლოვობს სენაკი, რადგან ახალგაზრდა გოგომ იქ ყველას შეაყვარა თავი. სოფო არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მასზე წარსულში საუბარი ყველას უჭირს. თაზო ბენიძე სოფოს მეგობარი და თანამშრომელი იყო. ის ძალიან განიცდის მომხდარს, უსამძიმრებს ყველას, ვისაც გული ატკინა სოფოს გარდაცვალებამ.
