გიორგი კეკელიძე ლიტერატორ ზაალ ჩხეიძის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
“წუხელ დაუკავებიათ ზაალ ჩხეიძე, ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩვენი დროის გამორჩეული ლიტერატორი და მთარგმნელი. ზაალი ციხეში აქამდეც ბევრჯერ ყოფილა ჩემთან ერთად – ქართულ ლიტერატურას და ინგლისურს ვასწავლიდით ოდესღაც მსჯავრდებულებს. წეღან ვუთხარი, უკვე პირიქით ჯდომასაც მოესწარი მეთქი – ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. ორ საათში ზაალი ვერ ატევს ხოლმე ლექციებს, მე აუცილებლად დავტოვებდი საათნახევრით მეტს მაინც – მერე აღარ დაიჭერდნენ აღარავის უმიზეზოდ.” – წერს კეკელიძე.
ცოტა ხნის წინ თავად ზაალ ჩხეიძემ სოციალურ პლატფორმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი დაკავების შესახებ საუბრობს.
“წუხელ დამაკავეს.
აქციაზე გუშინ გვიან მივედი, ლექციები 9 საათზე დავასრულე. ,,აგვისტოს ნათელის“ პირველ თავს განვიხილავდით, ლექცია გამოვიდა და ვინც ამ ლექციაზე ყოფილა, ყველამ იცის, რამდენად სასიამოვნოა. აქციაზე ვიყავი ბოლომდე, 11:16-ზე პოლიციამ მოგვიწოდა დავშლილიყავით და დავიშალეთ. წამოვედი ფეხით, როგორც ხშირად და ოპერის წინ, რადგან 11 წუთი ეწერა ავტობუსის მოსვლას, გავჩერდი და დაველოდე, ვკითხულობდი წიგნს. ჩემმა სტუდენტებმა და მეგობრებმა იციან წიგნის კითხვის მიმართ ჩემი აკვიატებული დამოკიდებულება, აქციებზე თან მაქვს ხოლმე რომელიმე წიგნი, გზაში ვკითხულობ, ძალიან შველის ნერვებს. ამჯერად ვკითხულობდი დიდებული ავტორის Noel Riley Fitch-ის კეთილ და ლამაზ წიგნს Sylvia Beach and the Lost Generation.
ის იყო დავასრულე ეპიზოდი სილვია ბიჩის, ადრიან მონიეს, ვალერი ლარბოსა და ლეონ-პოლ ფარგის მეგობრობის შესახებ, რომ ჩემ გვერდით, რუსთაველზე, გაჩერდა დაბურულშუშებიანი მანქანა, უნდა ვაღიარო, მანქანა მხოლოდ მას შემდეგ შევამჩნიე, როცა სამი კაცი მოვიდა, ერთ-ერთი ნიღბიანი. ერთმა საბუთი მაჩვენა და ზრდილობიანი, თუმცა მტკიცე ხმით, მითხრა, უნდა გამოგვყვეთ. ყველაფერი ცხადი იყო. ყოველგვარი ახსნა-განმარტების, უფლებების გაცნობის ან დარეკვის უფლების გარეშე ჩავსხედით მანქანაში და ხმის ამოუღებლად ვიმგზავრეთ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებამდე. გადმოსულები ავედით განყოფილებაში, კიბეებზე ნიღბიანს არცთუ თავდაჯერებულად, თუმცა ღონივრად ჰქონდა მკლავში ჩემთვის ხელი ჩავლებული.
აქამდეც და ამის შემდეგაც ყველაფერი ხდებოდა ორივე მხრიდან ძალიან თავაზიანად (მე ზემოიმერელი ვარ, მოგეხსენებათ, და თავაზიანობა გულს მიჩუყებს), თქვენობით, მობრძანდით, დაბრძანდით. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ეს ადამიანები არკვევდნენ, ვინ ვიყავი, გადამიღეს სურათები, ელაპარაკებოდნენ გვერდზე ოთახში ტელეფონით სხვა ადამიანებს, მოახსენეს, ვინ დააკავეს (ამბობს, რომ პროფესორი ვარ). არკვევდნენ, რა უნდა ჩაეწერათ, რომელი ჯარიმა უნდა გამოეწერათ. სამწუხაროდ, მიუხედავად, ჩემი რამდენიმეგზის თხოვნისა, რომ მოეცათ უფლება, დამერეკა (სახლში ან ადვოკატთან), ეს უფლება არ მიმიღია, არ მომცეს უფლება არც შემომავალ ზარებზე მეპასუხა. პირველი პასუხი შედარებით ხისტი იყო, როცა დრო იქნება, მოგცემთ. სხვები უფრო მორიდებული: ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ათ წუთში გაგიშვებთ.
საბოლოოდ, არასრულ ორ საათში გამათავისუფლეს, უკან ისევ იმ ახალგაზრდამ გამომაცილა, დაკავებისას ნიღაბი რომ ეკეთა, ამჯერად უკვე უნიღბოდ იყო, ჯერ კიდევ ოთახში მალევე მიუთითეს, მოიხსენი, რატომღა გიკეთიაო. კარი გამიღო და კარგად ბრძანდებოდეთო მითხრა, მეც, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი, არ დავიხიე უკან.
ასე დავშორდით ერთმანეთს, შეხვედრასთან შედარებით გაცილებით მშვიდად და თავაზიანად, ორი საჯარიმო ქვითრით და კეთილი სურვილებით. ჰო, დამავიწყდა, ნივთმტკიცებად ქართულმა პოლიციამ დაიტოვა ჩემი საყვარელი ლურჯი კაშნი. რაც მართალია, მართალია, კაშნის დაბრუნებას დამპირდნენ.
ჰოდა, რატომ ვწერ ახლა ამას. ამის შემდეგ იცოდეთ, რომ რუსთაველის გამზირზე ოპერის წინ წიგნს თუ კითხულობთ, მით უფრო პარიზზე და ევროპაზე, შეიძლება დაგაკავონ, დაგაჯარიმონ და თქვენი ლურჯი კაშნი ჩამოგართვან ნივთმტკიცებად.
დღეს ისევ გვიან ვიქნები აქციაზე, ახლა ლექციებზე მივდივარ, ბევრი მაქვს, აქედან ოთხში ,,პატრიარქის შემოდგომზე“ უნდა ვილაპარაკოთ.
თქვენ დაგექცათ ოლიგარქია!” – წერს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ ჩხეიძე სოციალურ ქსელში