შსს-ის ცნობით, დააკავეს ერთი პირი, რომელიც მათი ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ქვეყნიდან გასვლაში დაეხმარა.
დაკავებულია 1977 წელს დაბადებული შ.ქ.
„მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის თვეში, დაკავებულ – შ.ქ.-ს, დაუკავშირდა მისი მეგობარი დ.გ. და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, რომლის სანაცვლოდაც ის შესაბამის თანხას მიიღებდა.
შ.ქ. აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და 2024 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში, მას მისი მეგობრის – დ.გ.-ს სახელით დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა, სადაც მან გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შ.ქ.-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა.
პირველ ეტაპზე, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გადასცა „გუგლის“ სატელიტური ტელეფონი და მოსთხოვა, რომ მხოლოდ აღნიშნული მოწყობილობით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია. ასევე, მას გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა და დაავალა, რომ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის, მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა”, – აცხადებს შსს.
უწყების თქმით, „გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ გამოიკითხა არაერთი პირი, რომელთაც შესაძლოა რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. პოლიციის მიერ, ამოღებულია ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული პირი გადაადგილდებოდნენ.
ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 25-344-ე მუხლებით მიმდინარეობს.”
შეგახსენებთ, ბაჩიაშვილმა 4 მარტს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, მან ქვეყანა დატოვა.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.