თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, კახა კალაძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვიდობის მხარეს.
„ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზი გაუსვა იმას, თუ ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა. რაც გუშინ ვიხილეთ, ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია. ამიტომ, განმარტებას არ გავაკეთებ. უფრო საინტერესოა, ამ პოლემიკის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ქვეყნის შიგნით ვიხილეთ უსამშობლო ადამიანების განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ ვის სურდა რეალურად ომი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ღიად ვამბობდით ყველაფერს. კერძოდ იმას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სურს ომის წარმოება. ამით ისინი, რა თქმა უნდა, იღებენ სარგებელს, ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ ნადგურდება ქვეყნები, ქალაქები, სოფლები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის მაგალითია უმძიმესი ვითარება უკრაინაში. სრული კატასტროფა მივიღეთ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დასრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან. ისინი თავიანთ კონკრეტულ ინტერესს ატარებდნენ სხვა ქვეყანაში და იგივე სურდათ საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.