საქართველოს პირველი არხის ეთერში დებატებისას გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს შორის გამართულ კითხვა- პასუხის რეჟიმს, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“და დიდი გამბედაობა სჭირდებოდა პასუხის გაცემას მიკიბ-მოკიბვის გარეშე???
პირველ კითხვაზე კობახიძის ბრალდება არ გაიზიარა, მეორე კითხვას გაექცა …” – დაწერა ბესელიამ, პოსტის კომენტარებში კი დასძნა: – “ფაქტიურად თქვა, რომ კობახიძე არაკაციაო”
ცნობისთვის, გუშინ, 21 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის ეთერში მერობის 16 კანდიდატს შორის დებატებისას „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს კითხვებით მიმართა.
გახარიამ კალაძეს ჰკითხა, თუ დაუჯდება პირისპირ დეტალებში: – „კახას მინდა ვკითხო, მე თუ დამიჯდება დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად“, რაზეც კახა კალაძემ აღნიშნა: „პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდე და ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ საშუალება, ნახოთ, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, პირადად თბილისელების მხრიდან. ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ, ზეგ გვექნება შესაძლებლობა“.
დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართა, იზიარებს თუ არა კახა კალაძე თანაგუნდელების ბრალდებებს გახარიას მიმართ.
„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები – ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე, იზიარებ თუ არა ამ ბრალდებებს“, – მიმართა გახარიამ კალაძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.
„ნარკომანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ – მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.