პროკურატურა ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის, გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ექიმმა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა, რაც ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა.
„შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით პაციენტი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.
პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ“, – აღნიშნავს პროკურატურა.
შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი, 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მთავარ ექთანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
2023 წლის 24 ნოემბერს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, ბრალი წარუდგინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელსაც. აღნიშნულ ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულს 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.