19 წლის ბიჭის მკვლელობის ოქროს მოწმეებს ბრალი წაუყენეს – დაკავებულები ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. სამივე არასრულწლოვანი, რომლებიც დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დააკავეს, გამოძიებასთან ნაწილობრივ თანამშრომლობენ.
დაკავებულები ადასტურებენ, რომ სისხლიან ანგარიშსწორების თვითმხილველები არიან, თუმცა ახალგაზრდის მკვლელობის პროცესში თავად არ მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, თაზო მთივლიშვილი მაგიდაზე თავის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
დაკავებული 19 წლის ბიჭები გამოძიებას არ აწვდიან ინფორმაციას ეჭვმიტანილი გიორგი პაპაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ. თუმცა ყვებიან იმას, რომ მოკლულსა და ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი ფულის გამო დაიწყო.
ცნობისთვის, ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობაში ეჭვმიტანილი 34 წლის გიორგი პაპაშვილია, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული და მას ახლა პოლიცია საზღვრებს გარეთ ეძებს. არსებული ინფორმაციით, გიორგი პაპაშვილმა ქვეყნის დატოვება სწორედ იმ დროს შეძლო, როდესაც 3 დღის განმავლობაში გაუჩინარებულ 19 წლის ბიჭს, თაზო მთივლიშვილს ოჯახის წევრები ეძებდნენ.
თაზო მთივლიშვილს ექსპერტიზა გუშინ, 22 თებერვალს ჩაუტარდა და არსებული ინფორმაციით, მოკლულს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ახალგაზრდა კაცი სწორედ ცემაში დაიღუპა.
“პირველებისთვის” ცნობილი ხდება ისიც, რომ მოკლული ბიჭი და ეჭვმიტანილი თანამშრომლები იყვნენ და მათ შორის ურთიერთობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაიძაბა. თაზო მთივლიშვილი მის დაბადების დღეზე, 17 თებერვალს გაუჩინარდა, ხოლო დაღუპული ეჭვმიტანილის სახლში იპოვეს.
ირკვევა, რომ გიორგი პაპაშვილის სახლში კიდევ სამი პირი იმყოფებოდა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დააკავეს.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ აღმოაჩინა მოკლული ბიჭის ცხედარი, ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის თანახმად, 112-ში თავად ეჭვმიტანილის დედამ დარეკა, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, პოლიციაში ზარი მეზობლების მხრიდან შევიდა, რომელთაც დღეების განმავლობაში ეჭვმიტანილის სახლიდან უსიამოვნო სუნი სცემდათ.
წყარო: “ტვ პირველი”