სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებიც 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სხვადასხვა მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდნენ.
ბრალდებულების ადვოკატთან მაგდა შინჯიკაშვილთან „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმრის ადვოკატი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სასამართლოზე ბრალდებულების უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვს.
როგორ პასუხობენ ბრალდებულები წაყენებულ ბრალს?
– პროკურატურამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეო-მონტაჟი გაავრცელა იმგვარად, რომ ბრალდებულები ცივსისხლიან დამნაშავეებად გამოეყვანა საზოგადოების თვალში და რაღაც მხრივ, გამოუვიდა კიდეც. შექმნა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ,,ტრეფიკინგის მსხვერპლის“ პროტოტიპი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლ.ა. და ხ.ა. წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობენ დამნაშავედ. მათ ტრეფიკინგის დანაშაული არ ჩაუდენიათ და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ სასამართლოში.
რა ურთიერთობა ჰქონდათ ლ.ა.-ს და ხ.ა.-ს მსხვერპლთან ?
– საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, საქმის რეალური ვითარება: 10 წელზე მეტია ე.წ დაზარალებული აბულაძეების ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო, ფაქტობრივად ოჯახის წევრად ჰყავდათ მიღებული, ასევე მათ ნათელმირონობა აკავშირებთ – ლ.ა არის ე.წ. მსხვერპლის ბავშვის ნათლია. ნ.ბ.-ს სხვა უახლოესი ადამიანები არ ჰყოლია; თვითონაც აღნიშნავდა ყველასთან, რომ ბრალდებულების უზომოდ მადლიერი იყო და იქნებოდა მთელი ცხოვრება და რომ არა ისინი, ახლა შეიძლება ცოცხალიც არ ყოფილიყო. ეს ადამიანები ზრუნავდნენ მასზე განუწყვეტლივ, ისე როგორც შეიძლება იზრუნო მხოლოდ საკუთარ ოჯახის წევრზე: ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე – გაუკეთეს არაერთი ოპერაცია და მის ყოველდღიურ საზრუნავზეც ისინი იღებდნენ პასუხისმგებლობას. ე.წ მსხვერპლის საქმიანობის სფეროს 20 წელზე მეტია სექსუალურ მომსახურების გაწევა წარმოადგენს. ბრალდებულებს მუდმივად ეშინოდათ, რომ ნ.ბ.-ისთვის ვინმეს რამე არ დაეშავებინა და ხშირად ურჩევდნენ, თავი დაენებებინა ამ საქმიანობისთვის და რაიონში წასულიყო შვილთან, თუმცა ნ.ბ.-მ ეს არც ერთხელ არ გააკეთა.
ე.წ მსხვერპლის შვილის ნათლია, როგორც უკვე მოგახსენეთ, არის ბრალდებული ლ.ა. როდესაც ნ.ბ. ვერ უვლიდა შვილს, წლების განმავლობაში ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ ბავშვისთვის ძიძის ანაზღაურებასაც, საცხოვრებელსაც და საკვებსაც.
რამ შეცვალა მათი ეს დამოკიდებულება?
– დაცვის მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ.
აქვს თუ არა დაცვის მხარეს მტკიცებულებები, რითაც მათი უდანაშაულობის დამტკიცებას გეგმავთ?
– რა თქმა უნდა, დაცვის მხარე აქვს არაერთი გამამართლებელი მტკიცებულება და კიდევ უფრო მეტი მტკიცებულების შეკრებას კვლავ ვაგრძელებთ.
როგორ ხსნის დაცვის მხარე დაზარალებულის მიერ მოყოლილ დეტალებს?
– დაზარალებულს, რომელიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არ მოქმედებს საკუთარი სურვილით, უჭირს დამალოს სიმართლე და მის გამოკითხვის ოქმში ნაწილობრივ ირიბად არის საქმის რეალური ვითარებაც გადმოცემული. თუმცა, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მხრიდან ნებელობით ქმედებას არ აქვს ადგილი, გამოკითხვის ოქმი არაერთ მცდარ ფაქტსაც შეიცავს და ინტერპრეტირება არის იმგვარი, რომ მაქსიმალურად მოერგოთ ტრეფიკინგის დანაშაულის შემადგენლობისთვის.
რას მოითხოვს დაცვის მხარე სასამართლოში?
– დაცვის მხარე სასამართლოში მოვითხოვთ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჭეშმარიტების დადგენას და ბრალდებულების უდანაშაულოდ ცნობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებაში არიან უდანაშაულოები. ჩვენ მოვითხოვთ უდანაშაულოდ ცნობას.
რას ამბობს დაზარალებული საგამოძიებო უწყებაში მიცემულ ჩვენებაში?
– დაზარალებულის ჩვენება, ფაქტობრივად, არის უკონტექსტო, ორიენტირებული მხოლოდ ბრალზე და გამოძიების მხრიდან არ არის გამოკითხვა იმგვარად ჩატარებული (კითხვები დასმული), რომ ის გადმოსცემდეს საქმის რეალურ ვითარებას. ნებისმიერ პირს, რომელიც ამ გამოკითხვის ოქმს წაიკითხავს, დარჩება შთაბეჭდილება, რომ დიდი ამბის უმოკლესი ვერსიაა დაზეპირებული ფრაზებით გადმოცემული.
შეგახსენებთ, რომ საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც. ირკვევა, რომ საკმარისი თანხის არქონის გამო შშმ ქალი ბრალდებულმა ლევან აბულაძემ სასაფლაოზე აიყვანა და სასტიკად სცემა.
წყარო: “პრაიმტაიმი”