სპეციალური პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ პატიმართან, დავით გუჯეჯიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ბადრაგის მხირდან მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
მათივე თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმარი „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა მან მკურნალობაზე უარი თქვა და დააბრუნეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. უწყების ცნობით, ამის შემდეგ ის კლინიკაში განმეორებით შეიყვანეს.
პენიტენციური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დ.გ. კლინიკაში თითქოს ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, სიცრუეა
“პენიტენციური სამსახური მზაობას გამოთქვამს, გარდაცვლილის ოჯახის წევრის თანხმობის შემთხვევაში, გაასაჯაროოს ყველა არსებული დოკუმენტაცია და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებული კადრები, რაც გამორიცხავს დ.გ.-ს მიმართ ჩადენილ რაიმე სახის ძალადობას”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 52 წლის ეტლით მოსარგებლე პატიმრის, დავით გუჯეჯიანის ოჯახი გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს გუჯეჯიანის სიკვდილამდე ცემაში ადანაშაულებს.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი “პირველებთან” ამბობს, რომ დავით გუჯეჯიანი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში სასტიკი წამების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.