საქართველოს საპატრიარქო მცხეთის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახან დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ამასთან, საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ფაქტების დადგენის მიზნით, შსს-ს მიმართეს.
„შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს“, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ ფაქტზეა საუბარი, თუმცა სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებში ვრცელდება ვიდეოები მცხეთის ჯვრის მონასტერზე ვანდალური შემთხვევების შესახებ.