პარტია “საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერთან ბოლო საქმიანი შეხვედრა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” გაიხსენა და აღნიშნა, რომ კახა კალაძე “მოწყენილი იყო”.
მმართელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, „კახას ერთი გაღიმება საკმარისი იყო, რომ გახარიას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა,“ ყოფილი პრემიერი ასე ეხმაურება:
„(კახა კალაძე) მოწყენილი იყო. 2 წუთიანი საუბარი შედგა. ჩვენ ამაზე, რომ ვსაუბრობთ, ეს არის მათი მიზანი, მთავარი და შინაარსობრივი გაგვექცეს. ამ ჭორაობას ავყვეთ, რომ ვიღაცამ ვიღაცას გაუღიმა. კიდევ ერთი ტყუილების კასკადი მოჰყვა.
ახლა რა მოხდა და აღარ ავხსნი ამას საერთოდ: ორმა ადამიანმა ისაუბრა და მესამე პირები ამაზე ჭორაობენ, ვინც ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ. მესამე პირები ამაზე ჭორაობენ და ის ადამიანები, ვინც ამას ესწრებოდნენ, არაფერ განმარტებას არ აკეთებენ. გასაგებია ჩემთვის ყველაფერი. აქ წერტილი უნდა დავსვათ და წავიდეთ, ვიცხოვროთ, არჩევნები ჩავატაროთ. ეს ხომ პროცესია?!“ – ამბობს გიორგი გახარია ემა ტუხიაშვილთან ინტერვიუში.