“საქმეს არანაირად არ უჭირს სამართლებრივი თვალსაზრისით და უამრავი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა,”- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ, გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებულ სამართლებრივ დავაზე.
გარდა ამისა, ადვოკატმა განმარტებები გააკეთა პროკურატურის მიერ პროცესზე წარმოდგენილ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე. დასკვნა ეხებოდა ბიძინა ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერს. პროკურატურის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ აღნიშნული ჩანაწერი მონტაჟია. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განმარტებით, კი აღნიშნულ დოკუმენტს თავად არ იცნობს, რადგანაც მისი გაცნობის საშუალება ჯერჯერობით არ მისცემია.
„მე როგორც მოვისმინე ამ დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლოში დაიბარებენ მოწმის სახით შესაბამის ექსპერტს და ის მისცემს განმარტებებს. ასევე, როგორც მოვისმინე, თავად ბრალდებულ ბაჩიაშვილს ალტერნატიული ექსპერტიზა აქვს შეკვეთილი და შემდგომ მოხდება ამის განხილვა სასამართლოს მიერ.
ზოგადად, მინდა რამდენიმე დეზინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება. გაჟღერდა, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ჩაერთო ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ამ საქმეში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თითქოს საქმეს უჭირს იურიდიულად – ეს არის სიცრუე. მინდა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული დოკუმენტაცია თავდაპირველად წარმოდგენილი არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავადად ბრალდებულმა დასვა შეკითხვები, ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის მხრიდან საბანკო კრედიტთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებზე ბანკის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნული დოკუმენტები დაერთო საქმეს, რაც კარგია იმიტომ, რომ დამატებითი მტკიცებულებებია, რაც ადასტურებს დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის პოზიციას მისი კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე. შესაბამისად, ეს ასევე მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეს არანაირად არ უჭირს სამართლებრივი თვალსაზრისით და უამრავი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
მეორე დეზინფორმაცია, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი – წინა პროცესზე ბატონმა ბრალდებულმა განმარტა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი არ პასუხობდა გარკვეულ შეკითხვებს. მინდა განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, რაც მათ გააჩნდათ. მეტიც, უპასუხა ისეთ შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განასარიდებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდა შემხებლობა დავის საგანთან, ანუ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან სწორედ იმ მიზნით, რომ შემდგომ ვინმეს არ გაეცხადებინა, რომ რაიმეს თავს ვარიდებთ, ჩვენ, დაზარალებული მხარე. ამიტომ, ის განმარტებები, რაც ბრალდებულმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა იყო სიცრუე,” – განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ,რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.