სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს, ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა. დასკვნა პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინა, რაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო.
ამას გარდა, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ საქმეში აუდიოჩანაწერიც არსებობს, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უყვება, თუ როგორ აყენებდა ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუ ის გაანაწყენებდა.
“ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს მიაყენა 28 ჭრილობა დანის გამოყენებით და სწორედ მიყენებული ჭრილობები არის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ მიიჩნია სადაოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი. ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებში გარდა იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები არსებობს, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ასევე არსებობს ნეიტრალური მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო ჩანაწერების სახით, აუდიო ჩანაწერების სახით, წერილობითი მტკიცებულებების სახით, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ ბექა ჯაიანის მიერ ჩადენილი არის განსაკუთრებული სისასტიკით გენდერისა და იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა,” – ამბობს პროკურორი.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს.
“ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას და ასევე გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს. ასევე, მეორე ბრალდება რაც არის – სისტემატური შეურაცხყოფა და ძალადობას არ აღიარებს,” – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.