დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისი თქმით, პირბადის ტარებაზე კონტროლი გამკაცრდება, თუმცა, მხოლოდ ჯარიმა ვერაფერს შეცვლის და აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს მისი გამოყენების აუცილებლობა.
ამასთან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა პირბადის ტარების მაჩვენებლით 90-95%-ზე ავა, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, ასევე თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს იქნება ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე.
„შემიძლია ორმხრივ მოვუწოდო როგორც საზედამხედველო ორგანოებს, ეს გახლავთ პოლიცია, შრომის ინსპექცია, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს, ასევე, თავისი საზედამხედველო ორგანოები, რომ განსაკუთრებული სიმკაცრით იყოს კონტროლი აღსრულებაზე პირბადის ტარების მაჩვენებლის. ჩვენ თუ 90-95%-ზე ავალთ პირბადის ტარების მაჩვენებლით, დეკემბრამდე დავზოგავთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. ასევე, თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ყველამ ეს უნდა გავითავისოთ, მაგრამ მარტო ზედამხედველობა, მარტო დაშინება, მარტო ჯარიმა, მარტო შოლტი და მათრახი – არა. ხომ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ ვერაგი ვირუსია, ხომ დავრწმუნდით, რომ ეს პირბადე ერთ-ერთი ყველაზე დამცველი საშუალებაა, მოდით გავითავისოთ! ყველაზე მარტივი აღსასრულებელი საკითხია, რასაც ჰქვია პირბადის ტარება, ამდენს რომ ვამბობთ – იცავს, ბატონო, იცავს, ამიტომ ვატაროთ ყველამ ეს პირბადე, არ არის აუცილებელი ყველას მათრახით დაადგე,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.