“ვიცი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს დედასთან მიმართებაში… ერთადერთი დღე, როდესაც მაყურებელმა დაინახა კახა კალაძის დედა, ეს იყო გამოსათხოვარი მატჩი და ის ემოციები კარგად იგრძნობოდა…,”- ამის შესახებ პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ გადაცემაში “ნოესთან” კახა კალაძესთან საუბრისას აღნიშნა, რაზეც ყოფილმა ფეხბურთელმა და თბილისის მერმა მიუგო:
“როგორც დედა, ასევე მამა საკმაოდ მკაცრები იყვნენ. ეს სიმკაცრე გამოწვეული იყო იმის გამო, რომ მე ვყოფილიყავი წარმატებული. მაშინ, ბავშვობაში შეიძლება რაღაცები მწყინდა, არ მინდოდა სწავლა… იგივე როცა უკვე მოზარდობის ასაკში ხარ… ყველაფერი რომ გინდა… – სხვადასხვა ადგილებში, კაფეში, კლუბში წასვლა… თუმცა, მამა მეუბნებოდა, შვილო, თუ გინდა წარმატებული იყო, რაღაცებზე უარი უნდა თქვა, თორემ, ასე არაფერი გამოგივაო. დღეს, გულწრფელად, ადამიანურად ამ ორი (დედა, მამა) ადამიანის ძალიან მადლობელი ვარ, რადგან თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე სპორტში, ცხოვრებაში, ეს ამ ადამიანების გვერდით დგომით და მხარდაჭერით მოხდა. ამას ვერასდროს გადავიხდი, დედის და მამის როლს, რაც მათ ჩემთვის აქვთ გაკეთებული, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს გავუკეთო იგივე, ანალოგიური დამოკიდებულება მქონდეს მათდამი და გავზარდო ისე, როგორც ჩემს ქვეყანას გამოადგება,” – ამბობს კახა კალაძე ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუში.