თორნიკე თევზაძემ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. მან მეორე დღეა თელავიდან გურჯაანის მერიასთან გადაინაცვლა და ერთკაციან საპროტესტო აქციას მართავს, სადაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ გატარებულ რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.
მისი თქმით, დაახლოებით ერთი საათის წინ, როცა ის გურჯაანის მერიასთან ტრანსპარანტით იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა უხეშად მიმართა, რასაც აქტივისტის მხრიდან შეპასუხება მოჰყვა. ამის შემდეგ კი დაუდგენელი პირი მას თავს დაესხა და სახის არეში დაარტყა.
თევზაძემ მომხდარის შესახებ გურჯაანის პოლიციის სამმართველოს აცნობა და სამართალდამცავებისაგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. ვინაიდან, მისივე თქმით, ეს არ არის პირველი ინციდენტი, როდესაც მას აქციაზე დგომის გამო, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან.
გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მეორე სართულიდან საჯარო მოხელემ მას წყალი გადმოასხა.
“15 წლის ასაკიდან ვდგავარ აქციებზე. ამიტომაც, მიჩვეული ვარ, რომ დაგვიპირისპირდნენ ადამიანები, რომლებსაც პროტესტი არ აწყობთ. თუმცა, დღეს და გუშინ, ფაქტია, რომ თავდასხმები გაძლიერდა. მერიასთან ვიყავი, მოპირდაპირე მხარეს მაღაზიაში შედიოდა კაცი, რომელმაც უხეშად დამიძახა სიტყვები. მეც ვუპასუხე, რის შემდეგაც მოვიდა და შუბლში ჩამარტყა. მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიმიღია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დღეებში თავდასხმა არ გაგრძელდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მოგზავნილი ადამიანი. დაობდა გაურკვევლად, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობაზეც”. თვითონაც შევეცდები გავარკვიო ვინ იყო და გურჯაანის პოლიციაშიც თქვეს, რომ დაადგენენ თავდამსხმელი პირის ვინაობას. გუშინაც, მერიის შენობიდან წყალი გადმომასხეს და ამ დრომდე მეუბნებიან, რომ არ იციან ვინ ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა”- განაცხადა საუბრისას თორნიკე თევზაძემ.
სამოქალაქო აქტივისტი ჩართულია აქციებში და თითქმის ყოველდღიურად, სხვა პირებთან ერთად, თელავის მერიასთან გამართულ უწყვეტ პროტესტში იღებს მონაწილეობას, სადაც ახალ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
წყარო: mtavari.tv