საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ ახალგაზრდებთან მივიდა. მან ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა:
„ბათუმელებო თქვენთან ვარ იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და პატივისცემა. ბათუმში იმიტომ, რომ აქედან დაიწყო ერთგვარად პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, ვინც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში.
მე მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, ის არის საქართველო. ამიტომ ვართ დღეს ყველანი ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერად, კარგად იქნება, რადგან ის არის საქართველო.
დღეს ჩვენ არა მხოლოდ ყველანი ერთად ვართ, არამედ ჩვენთან ერთად იზრდება ის მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან, რომელიც ასე გვჭირდება. ბრძოლა ჩვენია. ევროპის საბჭომ თავისი სათქმელი თქვა ძალიან მკაფიოდ და ყველას გასაგონად. ვის მხარეს დგას? – ხალხის, საზოგადოების, საქართველოს მხარეს.
ამერიკაში ახალი თანასპონსორები გაუჩნდა იმ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის ნიშნები, თუ რამდენად იზრდება მხარდაჭერა ამ პროტესტის. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რისთვისაც ვდგავართ დღეს აქ და ვიქნებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება.
არავინ, ვერავინ შეაშინებს ქართველს, როცა იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს ისეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, როგორიც თითოეულ ჩვენგანს თავის შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის უნდა. ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასდროს მარცხდება ქართველი.“ – განაცხადა სალმე ზურაბიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.
ამ მიმართვის შემდეგ შეკრებილები მარშით გადავიდნენ ევროპის მოედანზე სადაც „ახალი თეატრის“ მანიფესტი იმართება.
პარალელურად საპროტესტო აქციის 66-ე ღამეა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც აქციის მონაწილეები დღეს კარვებში მეოთხე ღამეს გაათენებენ.
აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა ითხოვენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
წყარო:batumelebi.ge