შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2019 წლის 20 ივნისს იხსენებს და ამბობს, რომ “გიორგი გახარიას “იქ არანაირი ბრძანება არ გაუცია”. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა “ფორმულასთან” ისაუბრა.
“გიორგი ყაყიჩაშვილი იყო მაშინ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მე ვიყავი შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბრძანება მე უშუალოდ დირექტორისგან მივიღე. ცენტრალურ შესასვლელთან ვიყავი ჩემი ქვედანაყოფით განლაგებული და დირექტორი გასცემდა ამ ბრძანებას.
მე გახარიას დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია. ადგილზე ოპერაციას, ღონისძიებას მართავდა კახა საბანაძე, რომელიც იყო იმ პერიოდში მინისტრის პირველი მოადგილე.რაც შეეხება დეპარტამენტს – გიორგი ყაყიჩაშვილი იყო დირექტორი, უშუალოდ მე და ჩემი კოლეგები ბრძანებებს ვიღებდით გიორგისგან რადიოსადგურის საშუალებით.
რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაცემულა, ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, არც რადიოსადგურში, არც სიტყვიერად, ბრძანება გაიცა მხოლოდ გაზის გამოყენებაზე.
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვერსიებზე, ამას მტკიცებით ფორმას ვერ მივცემთ – ზოგადად, პოლიციელების მიმართ რომ აქციის მონაწილეების მხრიდან წნეხი იყო, ეს უდავო არის, შესაძლოა რომელიმემ ამას ვერ გაუძლო და დაიწყო ამის გაკეთება, დამოუკიდებლად გაისროლა და მერე უკვე დომინოს პრინციპით მიჰყვა”, – ამბობს შაიშმელაშვილი.
მისი თქმით, 20 ივნისს გამოყენებული რეზინის ტყვიები 2011 წელს იყო შესყიდული, რომელიც 2019 წლამდე არ გამოყენებულა და მისივე თქმით, არავინ იცოდა მისი ეფექტის შესახებ.
“არანაირი დათვის ტყვიები არ არსებობს ბუნებაში, ეს არის სპეციალური საშუალებები, ჩვეულებრივი და ეს პატარა ე.წ. ყვითელი რაკეტა, რომლითაც ამხელა დაზიანებები მიიღეს მაშინ მოქალაქეებმა, იდეაში, ეს არის კაუჩუკის მასალისგან დამზადებული. ამ მასალას, ანუ ამ ტყვიას აქვს უბრალოდ შეკავების ეფექტი. ადამიანს რომ მოხვდეს, თვალში თუ მოხვდა და თავის არეში, ბუნებრივია, დაზიანებას გამოიწვევს, მაგრამ არის ჩვეულებრივი რბილი კაუჩუკი. ესენი მერე აღმოვაჩინეთ ჩვენ, როცა ეს 20 ივნისი მოხდა. ეს ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს და 2011 წლიდან 2019 წლამდე ეს ვაზნები არ გამოყენებულა, არც ვინმემ იცოდა ამ ვაზნების ეფექტის შესახებ.
ანუ ვაზნები გახმა. ანუ ის კაუჩუკის ვაზნა, რომელსაც უნდა ჰქონოდა შეკავების ეფექტი აღმოჩნდა ლეტალური და გამოიწვია ის კატასტროფული შედეგები, რაც მივიღეთ.
ეს ვაზნები შემდეგ ამოვიღეთ მთლიანად შეიარაღებიდან, მაგრამ მძიმე შედეგი მომხდარი იყო”, – აღნიშნა შაიშმელაშვილმა.