“ლილო მოლში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.
როგორც ისინი “ინტერპრესნიუსთან” აცხადებენ, ცეცხლი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც ძირითადად ნაძვის ხეებისა და ტანსაცმლის საწყობები იყო განთავსებული.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ტერიტორია ყველამ დროულად დატოვა და დაშავებული არავინაა.
ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა, ერთ-ერთი მოვაჭრე “ინტერპრესნიუსთან” ხანძრის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენის დროს ტერიტორიაზე შედუღების აპარატს იყენებდნენ.
ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, 2 საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა.
ადგილზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 22 ავტოცისტერნაა ჩართული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
