სადისტურად მოკლული 26 წლის ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, ბიძის სახლში გადაასვენეს. ამ დრომდე ოჯახს არ აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ გაიმეტა სადისტურად მოსაკლავად ლევანი, მისმა უახლოესმა მეგობარმა. ეს უმძიმესი დანაშაული თბილისში, ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე 12 იანვარს მოხდა. მომხდარზე შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან ჯანგულაშვილს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ახლობლები ყველგან ეძებდნენ ლევანს, მეორე დღიდან ბუნებრივია საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთნენ და მისი ცხედარი 22 იანვარს ძალოვნებმა იპოვეს.
