ირაკლი კობახიძე „ახალი თეატრის“ მიერ გუშინ გაჟღერებულ მანიფესტს გამოეხმაურა.
„საქართველოში ამ სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა. ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, ხან სცადეს NGO-ებით, ხან ჟურნალისტებით, ანუ, საუბარია ე.წ. მედია მენეჯერებზე და ოპოზიციური მედია საშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ყველა მცდელობა ჩავარდა.
ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის” რევოლუციის მცდელობა. თქვენ იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა ტრენინგები რევოლუციაში და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის – „კანვასის” რევოლუცია საქართველოში არ შედგება, ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ აქცია-პერფონმანსი გაიმართა. მსახიობებმა საზოგადოებას „ახალი თეატრის“ მანიფესტი გააცნეს.
თეატრის მხატვრულმა ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა თქვა, რომ „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. მისივე სიტყვებით, ისინი ყველგან მივლენ და ყველასთან დაილაპარაკებენ.
დოიაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ნახავს, რა შეუძლია თეატრს.
მიმდინარე აქციებისას „ახალი თეატრის“ მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს.
ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.