დაკავებული რეჟისორის, გურამ მაცხონაშვილის და, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გურამი რო დაიბადა 8 წლის ვიყავი. სამშობიაროში მივედით, დედას ორცხობილა შევუგზავნეთ, წერა ახალი ნასწავლი მქონდა და ორცხობილის ყუთზე დავაწერე: „გურამ მიყვარხარ”. თავიდანვე ჩემს ოთახში შემოასახლეს და ერთი კვირის თავზე მარტო, დამოუკიდებლად ვიტოვებდი.
5 წლის რომ გახდა პატარა სტატიების წერა დაიწყო პოლიტიკაზე და სპორტზე, გაზეთს აკეთებდა და მთელ ტირაჟს მე ვყიდულობდი. ასანთის ღერებს მიკროფონებად იყენებდა და სათამაშო ცხოველებით პარლამენტის სხდომებს დგამდა, დგამდა რა თამაშობდა ეგრე. ხუდადოვის ტყეში საგვარეულო ნივთებს მალავდა, მარხავდა და მერე კლასელებთან ერთად რუქით ეძებდა. სკოლაში წასვლამდე, მის ყველა დაბადების დღეზე ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებს აწყობდა სახლში, რესპუბლიკელი ან დემოკრატი კანდიდატის სასარგებლოდ, ფარული ხმის მიცემის უფლება დაბადების დღეზე მოსულ სტუმრებს ჰქონდათ. საჩუქრების გახსნაზე მნიშვნელოვანი მაგ საარჩევნო ყუთის გახსნა და ხმების დათვლა იყო.
სულ ორჯერ ვიჩხუბეთ, ერთხელ მაღაზიაში არ გამეგზავნა, მეწყინა და გავებუტე. მეორედ ავადსახსენებელ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა რომ მივიღე, ეწყინა და გამებუტა.
დღესაც მინდოდა, წინასწარი დაკავების ოზოლატორში წერილი შემეგზავნა „გურამ მიყვარხარ“ – არაო, წერილები არ შეიძლებაო და მარტო წყალი და ხილი გავუგზავნე.
ჩემი სოლიდარობა, სიყვარული, თანადგომა და პატივისცემა ყველა უკანონო პატიმარს!“