„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„თუ მართლა ილიუნის და თსუ-ს გაერთიანებას გეგმავს რეჟიმი, ამაზე კატასტროფული გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების სფეროში უბრალოდ წარმოუდგენელია! 😡“, – აღნიშნულია პოსტში.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს.
„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ოთხწლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა. ჩვენს ქვეყანაში დღეს უმაღლესი განათლების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი და რესურსები ძალიან დიდია ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, რათა ოთხ წელიწადში მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ოთხ წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე, მოადგილე იქნება განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე და კომისიის მდივანი იქნება ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. აქაც არცერთი დღე და არცერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება, რათა ოთხი წლის თავზე სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – განაცხადა კობახიძემ.