ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შესახებ ისაუბრა.
კობახიძის თქმით, „პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ, ამ ბრძოლაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.“
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. გასული 4 წელი იყო საკმაოდ რთული მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, იყო არაერთი კრიზისი, კვლავაც მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემაა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ამ 4 წლის განმავლობაში, იყო რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმში ფიცს დადებს.