„გირჩის“ ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიმდინარე პროტესტის პირობებში, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის გაფიცვის კამპანიას გამოეხმაურა.
„როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია:
– უნივერსიტეტი პოლიტიკურ დებატებს აწყობს; საჯარო ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით სტუდენტებს პოლიტიკურ ცხოვრებაში რთავს. არ ჩერდება. ძალისხმევას აორმაგებს.
– თეატრი კი საგანგებო რეჟიმზე გადადის, პოლიტიკურ სპექტაკლებს დგამს და კიდევ უფრო მეტს მუშაობს და არავითარ შემთხვევაში არ ჩერდება.
სადაც პოლიტიკოსების უმრავლესობა არ პოლიტიკოსობს, პარლამენტი მკვდარია, მედიაში კი კლოუნადაა მოწყობილი, უნივერსიტეტი და თეატრი – ერთადერთი ადგილია, სადაც პოლიტიკური აზრი შეიძლება ცოცხალი რჩებოდეს. რეჟისორები, მსახიობები თუ ლექტორები კი არ უნდა იფიცებოდნენ, არამედ მეტს მუშაობდნენ და უნივერსიტეტში თუ თეატრში ხალხს საკუთარ პოზიციას უხსნიდნენ და ამით საზოგადოების ფართო მასებში გააზრებულ პოზიციას აყალიბებდნენ. „გაფიცული“ პროფესორის რუსთაველზე დგომა – გმირობა კი არა, უპასუხისმგებლობაა, ხოლო პოლიტიკისგან დაცლილი უნივერსიტეტი თუ კულტურა – იგივენაირად მკვდარია, როგორც სისხლისგან დაცლილი სხეული“, – წერს ის.