საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 79 პაციენტის გარდაცვალების ფაქტს, ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე კვლავ იმ მოწოდებებითა და რჩევებით ეხმაურება, რაზეც რამდენიმე დღის წინ წერდა:
“79 გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით, რამდენია – 160! ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ვიზიარებ თითოეული მათგანის მწუხარებას. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა.
ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი. სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება… დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით… ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე! ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე! სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა! დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია!
ამ ომში ერთად უნდა გავიმარჯვოთ! ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ!
ყველამ კარგად ვიცით, რა არის გასაკეთებელი. შეგახსენებთ:
ვაქცინაცია “ფაიზერით” 12 წლის ასაკიდან;
ბუსტერი (“ფაიზერის” მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის;
სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში);
ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა;
კომენდანტის საათი 20:00- 6:00 (ისე ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის თქმას, ჩემს გარდა).;
სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტსანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე;
კოვიდ საშვების ამოქმედება. ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს;
ისე, აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან;
ყველა “არგამოყენებული” რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინიგის დროებით მართვაში – 2 თვით;
ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება! ეს შესაძლებელია! – ” წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 653 ტესტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 10.77%, ბოლო შვიდი დღის – 10.51%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 532 171 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 468 917 გამოჯანმრთელდა, 7 028 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 065 848 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 700. სრულად აცრილია 331 736, ხოლო ერთი დოზით აცრილია 734 112.
ამასთან, 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი.