ამ წუთებში აქციების დროს დაკავებული 11 ახალგაზრდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რეზო კიკნაძემ, მოსამართლეს სიტყვით მიმართა: „საერთოდ არ ვთვლი, რომ რაიმე გირაოს გადახდას ვიმსახურებ, იმიტომ, რომ პირიქით უსამართლოდ აქეთ ვარ უკანონოდ გამოკეტილი და მე რატომ უნდა ვიხადო მაგალითად ფული, იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, მაგალითად 2 000 ლარი მაქსიმუმ გადავიხადო. სხვადასხვა ადგილებში მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით, ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი, რუსთაველის გამზირზე მისვლას, დანარჩენი ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ამიკრძალოთ მისვლა ან ქალაქის დატოვება მაგალითად, თბილისის დატოვება ამიკრძალოთ, არ წავალ არსად. საერთოდ ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ, ჩვენ ვისჯებით რისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის?! ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით ეს ამდენი სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით?! რუსეთი რომ არ გვინდა მაგისთვის ვისჯებით?! პუტინის დაკრულ ტაშს აქედან რომ ტაშით არ ვპასუხობთ მაგისთვის ვისჯებით?! ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს მაგისთვის ვისჯებით?!
თქვენ თვითონაც გეცინებათ ხოლმე ალბათ, როცა პროკურორის მოტანილ ვითომ არგუმენტებს და მტკიცებულებებს ხედავთ, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უსჯით ადამიანებს ქვის, ბოთლის ან მაგალითად დამრგვალებული ქაღალდის ჰაერში აგდებისთვის. 6 წლის მერე ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა აქ ყოფნა. ბოლოს იმას ვიტყვი, რომ დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც აქ არის, მამი გილოცავ და ბოდიში, რომ ამ უსამშობლო, არაპატრიოტი, სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო აქ მოგიწია დღეს ყოფნა.“
შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე, სერგეი კუხარჩუკი.
სასამართლო იხილავს, შეცვალოს თუ არა აღკვეთის ღონისძიება.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.