გთავაზობთ ნაწყვეტს გია ხუხაშვილის წიგნიდან: “კულისებს მიღმა. რა ღირს საქართველო?”. ეპიზოდი გია ხუხაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პირველ შეხვედრას ეხება. მოვლენები 2011 წელს ვითარდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.
“მივედი შეხვედრაზე. რადგან არ ვიცოდი, საიდან უნდა შევსულიყავი, უკანა შესასვლელს მივადექი მანქანით. ჭიშკარი გაიღო და აღმოვჩნდი უკაცრიელ ეზოში. გავუყევი ბიზნესცენტრის შენობას შესასვლელის ძებნაში. თან თვალით ცოცხალ ადამიანს ვეძებდი, რომ გზა მიესწავლებინა. ასე მივადექი მთავარ შესასვლელს, რომლის წინაც შევამჩნიე ერთი, არცთუ გამორჩეული გარეგნობის ადამიანი… სანამ ვკითხავდი, თუ როგორ უნდა მოვხვედრილიყავი ბიძინა ივანიშვილთან, თვითონ გამომეხმაურა. შინაურულად, შენობით მომმართა. მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მასპინძელი…
შემიძღვა საკუთარ კაბინეტში, მინიმალისტურად, მოკრძალებულად მოწყობილ მცირე ოთახში, რომელშიც, სამუშაო და მოლაპარაკებების მაგიდებისა და კარადის გარდა, პრაქტიკულად არაფერი იყო. ყველაფერში იგრძნობოდა იდეალური წესრიგი. ერთი ფურცელიც კი არ იყო უადგილოდ მიგდებული. გარემო დაცლილი იყო ყოველგვარი პომპეზურობის, სიმდიდრის და ძლევამოსილების დემონსტრირებისგან, რასაც ხშირად მიმართავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი იმისათვის, რომ ხაზი გაუსვან საკუთარ სტატუსს.საუბარმა თავიდანვე უშუალო, გახსნილი და შინაურული სახე მიიღო. მას საერთოდ აქვს უნარი, შეხვედრის დროს სრულიად უცხო ადამიანს მოუხსნას ყველა შინაგანი და გარეგანი ბარიერი და ურთიერთობის საკუთარი უშუალო, მე ვიტყოდი, უბრალო სტილით გაჟღინთოს დიალოგი. ეს იმდენად შეუმჩნევლად ხდება, რომ ნელ-ნელა, შენდა უნებურად, გიჩნდება განცდა და სურვილი, გადაეწყო არაფორმალური, ფამილარული მიმართვის ტალღაზე, მიმართო „შენობით“ და მთლიანად გაიხსნა ისე, როგორც დიდი ხნის მეგობართან. თუმცა მერე ხვდები, რომ ის, მთელი საუბრის განმავლობაში ინარჩუნებს ინიციატივას და აძლევს დიალოგს მისთვის სასურველ მიმართულებას.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ბიძინა ყოველთვის და ყველასთან ასე იქცევა. სრულიად სხვანაირია, როდესაც შეხვედრას რამდენიმე ადამიანი ესწრება. ასეთ დროს ის მაქსიმალურად მობილიზებული და, შეიძლება ითქვას, „ოფიციალური“ ხდება. არავის აპატიებს თუნდაც მცირე შეცდომას, „სიტყვის გაქცევას“, მისი აზრით, ბრიყვული მოსაზრების გამოთქმას და საკმაოდ მწვავედ, შეიძლება ითქვას, უხეშად რეაგირებს. თუმცა სიტყვიერი „ალიყურის“ ზოგჯერ საკმარისზე დიდი დოზით გაწვნის შემდეგ მისი „აგრესიის“ ობიექტს ისევ აწყნარებს და ეფერება. „მათრახის და თაფლაკვერას“ პოლიტიკის წარმოება ურთიერთობებში მისი საფირმო ნიშანია, რომლის დემონსტრირებაც არაერთხელ მოუხდენია ჩემი თანდასწრებით. თუმცა ობიექტურობისთვის აქვე უნდა ითქვას, რომ პირად ურთიერთობაში ჩვენ შორის ასეთ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია.
დავბრუნდეთ ბიძინას კაბინეტში ჩვენს პირველ შეხვედრაზე… მაქსიმალურად კომპაქტურად მომიყვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების შესახებ. მითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ამიტომ გადაწყვიტა, პირადად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში. მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიუღია და რომ უკვე რამდენიმე წელია შეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა ხელისუფლებასთან. ჰქონდა იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ, რადგან ვეღარ ხედავს ამის სხვა პოლიტიკურ რესურსს, გადაწყვიტა, თვითონ იკისროს ეს მისია – გააერთიანოს და სათავეში ჩაუდგეს „რეალურ ოპოზიციას“, შექმნას დიდი კოალიცია და მიიღოს მონაწილეობა 2012 წლის არჩევნებში.
მე გულწრფელად მივესალმე მის გადაწყვეტილებას და ვუთხარი, რომ მისი პოლიტიკაში გამოჩენა უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ერთადერთი შანსი იყოს ქვეყანაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ცვლილებების დასაწყებად. შემდეგ მომიყვა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა ბოლო პერიოდში ამ ნაბიჯის გადასადგმელად. მომიყვა, როგორც მას თავად უყვარს გამოთქმა, ე.წ. „ტრიუკების“ შესახებ, რომლებსაც მიმართა ამ პერიოდში ხელისუფლებისთვის გზის ასაბნევად…აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა, „ტრიუკების“ აღწერა თქვენთვის საინტერესო იყოს, შესაძლოა, ჩემი თხრობის დროს გიჩნდებათ ერთგვარი უკმარისობის გრძნობა – თითქოს რაღაცას ბოლომდე არ ვამბობ, არ ვასახელებ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს… ვიღაც იფიქრებს, რომ ზოგიერთ დეტალზე და პიროვნებაზე საუბარს იმიტომ ვარიდებ თავს, რომ ან დაპირისპირებას ვერიდები, ან რაიმე სხვა კონიუნქტურული მოსაზრებით ვაკეთებ ამას. მინდა გითხრათ – სინამდვილეში მიზეზი სულ სხვაა. ჩემთვის გასაგებია მკითხველის ცნობისმოყვარეობა. ეს ადამიანურად. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით თუ წავალთ, საბოლოო ჯამში, ავცდებით იმ მიზანს, რომელმაც გადამაწყვეტინა ამ წიგნის დაწერა და რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ამა თუ იმ პიროვნების როლს ეხება. შესაბამისად, ვყვები მხოლოდ იმ ისტორიებს და იმ დოზით, რამდენადაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისინი პოლიტიკურ პროცესში და მათი გავლენა მოვლენების განვითარებაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ იმ საკითხებზე საუბარი, რომლებიც მხოლოდ ირიბად ეხება ძირითად მიზანს, არათუ არ დაგვაახლოებს სწორი დიაგნოზის დასმასთან, არამედ ყურადღებას გაგვიფანტავს და გარკვეულ „სიყვითლეს“ შესძენს მონათხრობს…
ბიძინამ მითხრა,რომ ბოლო სამი თვე ინტენსიურად უყურებს ტელევიზორს, რათა გააკეთოს არჩევანი, თუ ვისთან და რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა, რას წარმოადგენს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, პიროვნება, თუ მედიასაშუალება. ჩამოუყალიბდა გარკვეული წარმოდგენა ყველაზე და ყველაფერზე და მას გამიზიარებს. დაასრულა იმით, რომ მე გამომარჩია და აქვს სურვილი, ერთად დავიწყოთ ეს საქმე…პრინციპში, შეხვედრაზე რომ მივდიოდი, რაღაც ტიპის თანამშრომლობის შემოთავაზებას ველოდი. პასუხიც წინასწარ მქონდა მომზადებული – უარი უნდა მეთქვა, რადგან იმ დროისათვის სავსებით კმაყოფილი ვიყავი ჩემი საქმიანობით, მქონდა შორს მიმავალი გეგმები და არ ვაპირებდი მათ მიტოვებას. თუმცა, ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი მკვეთრი და მკაფიო საუბარი გვექნებოდა. ჩვენი საუბრის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ უბრალოდ გატრიალება და წასვლა არ იქნებოდა სწორი.