თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების – ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის პროცესი დასრულდა.
მოსამართლემ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, და სწორედ დღეს გავიდა მათი დაკავებიდან ექვსი თვე.
აღნიშნულ საქმეს “POSTV -ის ” ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
“სანაიას მცემელების დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უამრავი შემამსუბუქებელი ფაქტორის გთავალისწინებით მიუსაჯეს 6 თვე.რადგან ეს ვადა უკვე მოხდილი აქვთ მსჯავრდებულები სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
სანაიას, ამ უნიჭო ადამიანის, შიშით ეს სამნი სიკვდილით ვერ დაისჯებოდნენ.
მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას!
სანაიას კი ურჩევნია ხელისუფლების “რევოლუციურ დამხობაზე” იფიქროს.
ხო მისცა მიშისტებს ამის პირობა?!
მეტიარააჩემიმტერის სმაილი
P.შ. თუმცა მორალურად არ არიან მართლები: ქალები და ბავშვი რო ახლავს იმას უნდა გაეშვა!” – წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.