ორი კვირის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 დეკემბრიდან ტელეკომპანია “ფორმულა“ იხურებოდა. ჟურნალისტები კულუარებში საუბრობდნენ, რომ არხი თანამშრომლების ნაწილთან, ნელ-ნელა წყვეტდა კონტრაქტებს.
ერთი კვირის წინ, არხის დატოვების შესახებ ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“ჩემთვის სამწუხაროდ და ამავე დროს მოულოდნელად, ჩემი და “ფორმულას” გზები გაიყო. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვრჩები ბოლომდე.წარმატებას და გაძლიერებას ვუსურვებ თავისუფალ მედიას და განსაკუთრებით ფორმულას ჟურნალისტებს!”
გუშინ, გადაცემა “მე-17 სართულის” წამყვანებმა არხის დატოვების შესახებ დაწერეს, მათ შორის იყო, სოფიო ხუნწარია. როგორც ხუნწარიამ აღნიშნა, გადაცემა “მე-17 სართული” იხურება, მაგრამ ტელეკომპანია “ფორმულა” აგრძელებს მაუწყებლობას. მისივე თქმით, ტელეეთერის მიღმა დარჩენილი გადაცემის წამყვანები სოციალურ ქსელში გააგრძელებენ აქტიურობას და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე.