54 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი და პარტიის პრესსამსახურის თანამშრომელი კატო შინდაგორიძე ავრცელებს.
“წავიდა… ზეციურ საქართველოში…. ბაჩუკი ქარდავა, როგორ ვიფიქრებდი, რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი” – წერს შინდაგორიძე.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ქარდავას მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც კუჭის წყლული გაუსკდა და სისხლდენა დაეწყო. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბაჩუკი ქარდავას დამთავრებული აქვს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988 წელს ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს, იყო სანქტ-პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1989 წლიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.
1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.
1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს – გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
წყარო:ambebi.ge