ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “გალობის უნივერსიტეტმა” პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. ის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე სექტემბრიდან მუშაობდა.
“ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაწყებამდე, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად მოსწონდათ. მეუბნებოდნენ, რომ უნივერსიტეტს დაეტყო პროფესიონალის ხელი. ყოველ შეხვედრაზე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა. მე და ქ-ნმა ნანამ დავსახეთ შემდეგი წლის სტრატეგიული გეგმაც.
ნოემბრის ბოლოდან დავდიოდი აქციებზე და ჩემს ფბ კედელზე პოზიციას გამოვხატავდი – ჟურნალისტებისა და არამარტო მათ ცემაზე, სამართალდამცველების უმოქმედობაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩემი ეს პოზიცია, არანაირად არ შესულა უნივერსიტეტში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთანვე შევათანხმე ისიც, რომ გარკვეული პერიოდი თავი შეგვეკავებინა უნივერსიტეტის სოცქსელებში პოსტებით აქტიურობისგან, რაზეც დამთანხმდა.
ამ პერიოდში, მეგობარმა მირჩია, არ გამომეხატა აზრი საჯაროდ, რადგან ეს ქ-ნ ნანას არ მოსწონდა. არ დავუჯერე, უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნიე თუნდაც ერთით მეტ ადამიანს ეთქვა, რომ ის რაც ხდება, მიუღებელია. ამ პერიოდში ვიგრძენი, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამოკიდებულება ჩემს მიმართ გაცივდა. 25 დეკემბერს კი მივიღე წერილი, რომ იანვრიდან ხელშეკრულებას აღარ მიგრძელებენ. მიზეზი რომ ვიკითხე, ბიუჯეტში თანხების დეფიციტიო.
გავოგნდი.
შეგახსენებთ, ჩვენ სამომავლო გეგმებიც განხილული გვქონდა. გაგეფრთხილებინეთ მაინც-მეთქი და გაგაფრთხილეს ისე, როგორც კანონში წერიაო. ალბათ კანონი არ ითვალისწინებს წინასწარ ცნობას, მაგრამ ადამიანური ფაქტორი სადაა, ხვალიდან რომ უმუშევარს მტოვებ, მომამზადე მაინც. რა უბედურებაში ვცხოვრობთ?! ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი. პარტიის მიმართ ლოიალობას ასე რატომ უნდა გამოხატავდეს ვინმე, თან მის უკან ხომ ამჯერად უნივერსიტეტის სახელი დგას?!”, – წერს ფარცხალაძე სოციალურ ქსელში.