როცა საპარლამენტო რესპუბლიკას უდგას კრიზისი, ის ატარებს ახალ არჩევნებს. არჩევნები არის ადამიანებს შორის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მშვიდობის მიღწევის უებარი წამალი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ამას რაც უფრო ადრე გააკეთებს, მით უკეთესი ქვეყნისთვის.
„ეს იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი თვე. მთელი თვის განმავლობაში, ვნახეთ, რომ ხალხი არ აპირებს დანებებას, არ აპირებს გაჩერებას. აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ არ მოელოდა მსგავს სულისკვეთებასა და უწყვეტ ჟინს. ისინი არიან შოკში, ეს რეჟიმი არის შოკში და ფართხალებს. რეჟიმმა ნახა სერიოზული დარტყმა სანქციების კუთხით, საერთაშორისო იზოლაციის კუთხით და რეჟიმიდან გადინების კუთხით. გვახსოვს, რომ გდდ-ის მაღალჩინოსანი გადადგა, ექვსმა დიპლომატმა დატოვა თანამდებობა, ბიზნესმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ნება ხელისუფლების კურსთან მიმართებით. ჩვენ ვნახეთ საერთო სახალხო პროცესი, რომელიც არის თვითნაბადი პროცესი, საზოგადოების მიერ შექმნილი პროცესი, სადაც არის ლიდერი საზოგადოება და არა რომელიმე პოლიტიკოსი. ვფიქრობ, რომ პროტესტი საკმაოდ წარმატებულად გრძელდება და მისი წარმატების მთავარი მახასიათებლები არის მშვიდობიანობა და უწყვეტობა. როცა მართალი ხარ, ძალა არის შენ მხარეს!
პრეზიდენტთან შეხვედრებისას, ოთხ კოალიციას აქვს ძალიან სწორი სულისკვეთება, ტაქტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე. სანამ არჩევნების გზით არ მოხდება ადამიანების პოლიტიკური ნების დაკმაყოფილება, საზოგადოებრივი მშვიდობა ამ ქვეყანაში ვერ იქნება. როცა საპარლამენტო რესპუბლიკას უდგას კრიზისი, ის ატარებს ახალ არჩევნებს. იმიტომ, რომ არჩევნები არის ადამიანებს შორის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მშვიდობის მიღწევის ყველაზე უებარი წამალი. მე რომ ხმას ვაძლევ და ეს აისახება, ეს უკვე არის კონსენსუსის მიღწევის გზა.
„ქართული ოცნებისგან“ არაფრის შეცვლა არ გვაინტერესებს, იმიტომ, რომ ის არ არის ხელისუფლება, მას არ აქვს არანაირი მანდატი ხალხისგან. გაგიგიათ რამდენიმე ასეულ რობოკოპზე დამყარებული ძალაუფალი გეუბნებოდეს, რომ მილიონობით ქართველის ცხოვრება უნდა გადაწყვიტოს? წარმოუდგენელი მგონია, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰყავს სპეცრაზმი, მილიონობით ქართველის არჩევანს გადაესვას ხაზი. უტყუარად ვიცით, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, „ქართული ოცნება“ დამარცხდა. მათ ამ ხრიკებით და ყველა უბედურებით აქვთ 37%, ოპოზიციას აქვს 52%. „რუსულ კანონსაც“ გავიწვევთ და იმდენი მავნებლობა აქვთ გაკეთებული, ერთი წელი მოგვიწევს მუშაობა იმაზე, რომ ეგ გამოვასწოროთ.
ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ამას რაც უფრო ადრე გააკეთებს, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. არ გვინდა, რომ ქვეყანა ზარალდებოდეს და კრიზისი იყოს ქვეყანაში. არ გვინდა, რომ სტაბილურობა გვიანდებოდეს, ჩვენი სურვილია სტაბილურობა, მშვიდობა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.